ალი და ნინო
თამარ ქუთათელაძე
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა კიდევ ერთი ახალი , ორიგინალური წარმოდგენა შესთავაზა დედაქალაქის მაყურებელს. ამჯერად დაიდგა ყურბან საიდის ,,ალი და ნინო“ (ინსცენირების ავტორები მანანა გეგეჭკორი და გოჩა კაპანაძე).
მთავარმა მოქმედმა გმირმა - ალის როლის შემსრულებელმა ცოტნე ხუბუტიამ შინაგანი ტკივილით, სევდით, სიმამაცითა და თავდაჯერებით სავსე სცენური სახე შექმნა. ალი მომხიბლავიცაა და საზრიანიც, მკვეთრი პიროვნებაცა და დაბნეული ადამიანიც. მსახიობი ტრაგიკულ ინტონაციებს სძენს აღა-მაჰმად ხანის შვილიშვი-ლის ალი შირვანშირის სახეს, რომელიც ორად არის გახლეჩილი - ერთი მხრივ, მას ტანჯავს საკუთარი მიწისა და რელიგიისადმი ერთგულება და მეორე მხრივ, ქართვე-ლი თავადის ასულის, ნინო ყიფიანის სიყვარული. ერთ ეპიზოდში ალის ზურგზემო-კიდებული მოჰყავს ნინო ( ნუცა მესტუმრიშვილი) - ტვირთი უძვირფასესია, მაგრამ წელში ორად ხრის ამ სიყვარულის სიმძიმე ალის... ეპიზოდი ზუსტად გამოხატავს კაცის შინაგან ბრძოლას...განცდას...ტკივილს...ალი და ნინო არასდროს კამათობენ... მათი ურთიერთობა ჰარმონიულია და მარტოოდენ რწმენიდან არ მოდის ეს იდილია. მხოლოდ ერთხელ, წამიერად ირღვევა ეს სინთეზი, მაგრამ განშორება წამიერია და შეყვარებულები კვლავ გულში იკრავენ ფრთხილად ერთმანეთს (ქორეოგრაფი - ნინო მახათელი ).
ცოტნე ხუბუტიას ალი აზიელიცაა და ევროპელიც, XX საუკუნის ,,პროდუქ-ტიცა“ და წინაპართა აზროვნების მსხვერპლიც, უსაზღვროდ ბედნიერიცა და უბედურიც , მუსლიმიცა და ქრისტეს რჯულისადმი შემწყნარებლურიც, კრიტიკულად მოაზროვნეცა და ფუნდამენტალისტი შიიტიც. სცენური გმირის ბედ-ნიერებასა და სულიერ ტკივილს მსახიობი ექსპრესიულად, სახიერი გამომსახველი ხერხებით თამაშობს. იგი უჩვენებს ალის ღრმა შინაგან ტანჯვას, რომლისგანაც შეუძლებელს მოითხოვენ ბედისწერაცა და ნინოც. თავის მხრივ, ნინოსაც ხიბლავს აღმოსავლური სამყარო, მაგრამ აშინებს ფანატიზმში გადაზრდილი რელიგიურობა.
სპექტაკლის მოქმედ გმირთა შორის გამორჩეულია ცოტნე მეტონიძე, რომელიც ორ განსხვავებულ პერსონაჟს - მელიქ ნახარარიანსა და საჭურისს თამაშობს. ევროპული ყაიდის სმოკინგსა და გახამებულ თეთრ ხალათში გამოწყობილი ნახარარიანი ტროსტზე ამაყად დაყრდნობილი შემოდის სცენაზე. მომხიბლავ მამაკაცს ელეგანტურად მოჰყავს ხელკავით ნინო ვადაჭკორიას ნერვიული, ექსცენტრიული გაიანე. თავაზიანი სომეხი სწრაფადვე იცვლება ფულისმოყვარე, სასტიკ, ავ და ცბიერ ადამიანად. საჭურისის პერსონაჟში კი ცოტნე მეტონიძემ განასახიერა ენეჭარტალა, ბედკრული, ყველასგან მიტოვებული ადამიანი.
ყურბან საიდის რომანში არ ფიგურირებენ ალის დედისა და მელიქ ნახარარიანის დის - გაიანეს სახეები. ფრაგმენტულია ქეთევან ყიფიანის პერსონაჟიც. ისინი ინსცენირების ავტორებისა და რეჟისორის მიერ არიან ,,შემოყვანილი“ პიესაში. სპექტაკლში ჩართულია ანა საბოს მიერ განსახიერებული ბედისწერის პლასტიკური სახე, რომელიც ერთგვარად კრავს წარმოდგენის ძირითად სცენებს.
თიკო კობალაძის ანა ხანუმი (ალის დედა) და ანკა ხურციძის ქეთევან ყიფიანი წარმოდგენაში მოდერნული ეპოქის შთამბეჭდავ ქალთა სახეებს ქმნიან. დიდგვარო-ვანი ქალბატონები ტრადიციული ეროვნული ღირებულებების მიმართ სცენურ პარტნიორებზე უფრო ერთგულნი არიან. ურჩი შვილების შინაგანი თანამოაზრენი ქალური აგრესიით იგერიებენ საწინააღმდეგო რელიგიური კუთვნილების ოჯახთან ნათესაურ კავშირს, თუმცა შინაგანად ისინიც წრფელ სიყვარულსა და სულიერ სიმშვიდეს იძენენ - ანუ, მალულად უთანაგრძნობენ შვილებს.
ვაჟა ციცილოშვილი პათეტიკურ, კუდაბზიკა არჩილ ყიფიანს თამაშობს. იგი ქალიშვილის ღირსებების გადასარჩენად, ყალბი სიამაყით წელგამართული სტუმრობს გიორგი რევაზიშვილის საფარ ხანს. მსახიობი წარმოაჩენს პრაგმატულად მოაზროვნე ქართველი კაცის ხასიათს, რომელიც თავშეკავებული წყენით, მაგრამ გაგებით ეკიდება შვილის წრფელ გრძნობას. რევაზიშვილის პერსონაჟში გამოკვეთილია ისიც, რომ გაორებული მუსლიმი მამა სულის სიღრმეში აღიარებს ქრისტიანი ქართველი ქალის ღირსებებს; იგი შინაგანი ტკივილით, მაგრამ უხალისოდ აცნობიერებს ტრადიციული ღირებულებების ქრობის ტენდენციას.
ანა საბოს სცენური სახე, ერთი მხრივ, პანტომიმური ჩანართებით კრავს სპექტაკლს, მეორე მხრივ, წამყვანის ფუნქციასაც ითავსებს. მსახიობი ხან ავსულია, ხან თითქოს ალისგან მიტოვებული და შურისძიებით ანთებული, გაბოროტებული საცოლე ლეილაა, მთელი არსებით რომ მიელტვის, ჩანასახშივე მოაშთოს ალისა და ნინოს მგზნებარე სიყვარული, ჩაშალოს წყვილის ბედნიერება, წინ აღუდგეს ორი სამყაროს გაერთიანების მცდელობას.
რ. გიორგობიანის სეიედ უსტაფა, ლ.საბაშვილის მეჰმედი, გ.ელიჯარაშვილის ილიასი, გ. კოხრეიძის ქერიმი მასობრივ სცენებში წარმოსახავენ მუსლიმ ფანატიკოსთა სახე-ხასიათებს. აღსანიშნავია მსახიობების მიერ ემოციურად განსა-ხიერებული და ცეცხლოვან გუნდურ ცეკვაში გადაზრდილი მუსლიმ შიიტთა სადღესასწაულო, ალლაჰის მსახურებისადმი მიძღვნილი სადომაზოხისტური რიტუალი ,,შახსეი-ვახსეი“.
ფინალში იცვლება სპექტაკლის სცენოგრაფიული ხატი (სცენოგრაფი - ლომ-გულ მურუსიძე); ცისფერჩარდახიანი სახლის ქვეშ ორი განსხვავებული რელიგიური კუთვნილების ადამიანთა ჯგუფია დასახლებული. მოქმედების ადგილი სცენის სიღრმიდან ,,მომზირალი“ აქლემის ფიგურით კონკრეტდება.სცენის მარჯვენა მხარეს თავადი ყიფიანების ოჯახი სახლობს, მარცხნივ კი - შირვანშირები. წარმოდგენის დასასრულს ყიფიანები შირვანშირების ,,მხარეს“ ლოცულობენ მაჰმადიანური წესით, ხოლო შირვანშირები - პირიქით. სპექტაკლის სანდრო თედიაშვილისეული მუსიკალური გაფორმება სავსეა კავკასიური მუსიკალური ნომრებით, რომლებიც კვეთენ ერთმანეთს, იყოფიან და ბოლოს კვლავ შეუმჩნევლად ერწყმიან ერთმანეთს.
სპექტაკლის წარმატება მნიშვნელოვნად განსაზღვრა კოსტიუმებმაც (მხატვარი ქეთევან ციციშვილი), რომელშიც აღმოსავლური და დასავლური კულტურები ეფექტურადაა დაწყვილებული.
რეჟისორი, როგორც ჩანს გაიტაცა რელიგიური თემის ძირებმა და სპექტაკლის გარკვეულ მიზანსცენებში შესამჩნევია აღმოსავლური ეთნოსისათვის დამახასიათე-ბელი ფერთა სიჭარბე.
გაჩა კაპანაძე გამუდმებით ხვეწს თავის სპექტაკლებს და ,,ალი და ნინოც“ ამის უდავო დასტურია.