ადამიანისა და ღმერთის, ადამიანისა და ბუნების, პიროვნებისა და მისი ერის ურთიერთკავშირის მაჩვენებელია ქადაგის ფიგურა დ. გაჩეჩილაძის „ბახტრიონში“ (დამდგმელი რეჟისორი ლ. პაქსაშვილი). ჯემალ გოჩაშვილის ქადაგი თავისი თეთრი ნაბდით კოშკის თავზე აბრძანებული, შინაგან მზერას უსწორებს კაცთათვის ყველაზე იდუმალს – მომავალს. მისი სულის მგრძნობიარე სიმები სამყაროს ასევე იდუმალ ძალთა ქროლვას შეიგრძნობენ. მოხუცი თუ ახალგაზრდა, მართალი თუ მტყუანი – ყველანი აქ არიან, დროის უკიდეგანო სივრცეში მოუყრიათ თავი. ქადაგის ტკივილს სიხარული ცვლის, სიხარულს სევდა ენაცვლება და სწორედ ამ ორი სამყაროს ზღვარზე დგას იგი. ბაგეზე ყოვლისმცოდნის ღიმილი დასთამაშებს. ღვთის რჩეულია ის, თუ დღვთისგან გმობილი?! ვინ იცის. ან ეგებ ნათელმხილველია, მაგრამ განა შესწევს კაცს ძალა წინასწარმეტყველის მძიმე ტვირთი ყოველთვის უდრტვინველად ზიდოს? აკი შეშფოთდა ქადაგი, აკი სასოწარკვეთილებას მიეცა, აკი ჩასწყდა გულში მძიმედ რაღაც...ნუთუ სამსხვერპლოდ გამოგზავნა ეს ორი კრავი, ლელა და ანდარეზი, ნუთუ უმტყუნა ბედ–კრულს ალღომ და ხალხის ნდობა ვერ გაამართლა, შეუძლებელს წაეპოტინა... მაგრამ განა ქადაგმა კი უწყის წუთისოფლის ავან–ჩავანი?..
პოემისეული პერსონაჟის სახეში არსებული ირაციონალური საწყისის დიდი ხვედრითი წვლილის მიუხედავად, მსახიობს არ ღალატობს ზომიერება. მისი გმირი მიწიერია, ამქვეყნიური, თავისი მოდგმის, თავისი თემის ჭირვარამის თანაზიარი, ამასთანავე, ცოდნის ტვირთით დამძიმებული. უფრო დინჯია, ვიდრე მისი მგზნებარე სულის პატრონს შეჰფერის. ქადაგის ლაკონური გამომსახველი პლასტიკა, მისი სულიერი სამყაროს სწორედ ამ თავისებურებას წარმოაჩენს. პოემისაგან განსხვავებით, ჯ. გოჩაშვილის გმირი ერთობ გაახალგაზრდავებულია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის ხვედრს. წინასწარმეტყველების სცენაში მსახიობის ქმედება, მოძრაობა, თვით მიზანსცენათა ჩანაფიქრიც კი სპექტაკლის საერთო სტილისტიკას ექვემდებარება და წარმოდგენის სცენოგრაფიულ კონტექსტში იკითხება. სპექტაკლის განმავლობაში ჩვენ კვლავაც ვხვდებით ქადაგს, მაგრამ მომდევნო სცენებში ის უკვე თანათემელთა გვერდითაა, როგორც მათი სწორი და თანამებრძოლი, აქ უკვე სახის მრავალმხრივ გააზრებასთან გვაქვს საქმე.
თამარ ბოკუჩავა
1990