ცხინვალელთა სპექტაკლში აშკარად იგრძნობა, რომ რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა მთელი ყურადღება მსახიობთა სცენურ მოქმედებაზე გადაიტანა. აქ მან უეჭველ წარმატებას მიაღწია. - თითქმის ყველა პერსონაჟი დასრულებული ხასიათისაა, მსახიობები კარგად გრძნობენ ფორმას, რიტმს, სცენურ სიმართლეს. გულწრფელად ვაღიარებ: ველოდი ნახევრად პროფესიულ, ნახევრად სცენისმოყვარულ მსახიობთაგან შემდგარ დასს და სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი - ყველა მსახიობი „ფორმაშია“, არცერთ ეპიზოდში სიყალბის რაიმე ნიშანიც კი არ შემინიშნავს. შთაბეჭდილება ისეთი დამრჩა, თითქოს ამ დასს ერთი დღითაც კი არ შეუწყვეტია მუშაობა და სისტემატიურად თამაშობს თავის რეპერტუარს, რომელიც ფაქტიურად არა აქვს.
სპექტაკლში მონაწილე თითქმის ყველა მსახიობმა - გიორგი რევაზიშვილმა, მამუკა პავლიაშვილმა, მამუკა ტაბატაძემ, დალი დოიჯაშვილმა, ზაზა სალიამ, კახა ჭოლაძემ, თაია გოგიძემ, მადონა ტეხურმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ მაინც გამოვყოფ ქელმას (თინათინ კობალაძე) და ოქროშას (ციცო გიგაური) როლების შემსრულებლებს: პირველმა მომხიბლა განცდის გულწრფელობით და სიღრმით, მეორემ ფორმის მკვეთრი გრძნობით, კოლორიტული ფერებით... ასევე გამოვყოფდი ვეფხია კასრაძისა (ჯოგო) და მევლუდ სამადალაშვილის (აკილო) შთამბეჭდავ თამაშს.
პრემიერა იმითაც იყო ღირსშესანიშნავი, რომ იგი მიეძღვნა გამოჩენილი მსახიობის, ჯემალ გოჩაშვილის 60 წლის იუბილეს. ამ სპექტაკლში იგი თამაშობს კალისტრატეს როლს, რომელსაც წამყვანი დრამატურგიული ფუნქცია არ აკისრია, მაგრამ მაინც ჩანს სცენის ოსტატი, რომელიც გაუტეხელი კაცის პორტრეტს ხატავს.
კარგად და სახიერად არის გადაწყვეტილი სპექტაკლის სცენოგრაფია (მხატვარი ნიკა შველიძე). აქ არ არის უტრირებული „ფსკერის“ გარემო, ლტოლვილთა ამ თავშესაფარს თავისი სახე და სივრცე აქვს, არაფერი არ არის ზედმეტი, ყველაფერი კონკრეტულია და მოქმედების ლოგიკას შეფარდებული. (მუსიკალური გამფორმებელი - ეკა თევზაძე, ქორეოგრაფი - კირა მებუკე).
პიესისა და სპექტაკლის ავტორებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, რადგან დიდი მხატვრული გემოვნებაა საჭირო, რომ ფსკერზე მოხვედრილი ადამიანების ცხოვრება აჩვენო არა ნატურალისტური ან გროტესკული ხერხებით, არამედ უტყუარი სიმართლის ფორმით. სცენაზე მოქმედებენ ცოცხალი, რეალური ადამიანები თავიანთი ცოდვებით, ცდუნებებით, ოცნებებით, (თვით ყველაზე კოშმარულ ხილვებშიც არ ტოვებთ მათ აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი), ყოველდღიურობა დაბლა, უფსკრულისაკენ ექაჩებათ, ისინი მაინც სინათლის მკრთალი შუქისაკენ მიისწრაფიან. თეატრი ქმნის პრობლემის სერიოზულობის შესაფერის სპექტაკლს, საიდანაც მოდის დიდი ადამიანური სევდა, ტკივილიანი განცდა.
ნოდარ გურაბანიძე 2002 წელი