ცხინვალის თეატრის ხელმძღვანელობამ (სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კობახიძე) სპექტაკლის დადგმით გააკეთეს რამდენიმე გონივრული სვლა. დაიდგა თ. აბულაშვილის ნიჭიერად და ტკივილით დაწერილი პიესა, რომელიც ასე ახლობელია ყველა ჩვენთაგანისათვის და უპირველესად, თეატრისათვის. დასადგმელად მიიწვია ნიჭიერი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი, რომლის მოქალაქეობრივი მრწამსი თანამთხვევია მწერლის მსოფლგანცდისა. ლტოლვილთა ბედის პრობლემა დაუკავშირა თეატრის ერთ-ერთი ლიდერის, ღვაწლმოსილი მსახიობის, ჯემალ გოჩაშვილის სახელს და დიდი გულითადობით იზეიმა მისი სამოცი წლისთავი. საღამო იყო უაღრესად გულწრფელი და სიყვარულით სავსე. ჯ. გოჩაშვილი ამ სპექტაკლშიც (კალისტრატე) გამოირჩეოდა თავისი ოსტატობით, მხატვრული სისადავითა და სიმართლით.
სპექტაკლში პიესის გმირებისა და ცხინვალის მსახიობთა ბედი გაერთიანდა, მათ სცენურ თავგადასავალში ჩვენ ვგრძნობთ განსაკუთრებულ ტკივილსა და სევდას. სწორედ ასეთად მოიაზრება მთელი სპექტაკლი. ყოველი მსახიობი ცდილობს, გმირის ბიოგრაფია გაითავისოს და სიმართლით გამოხატოს. თვით გარემო კოლორიტულია და მსახიობებიც ქმნიან კოლორიტულ ხასიათს. ასეთებია: თ. გოგიძის ქელმა და ვ. კასრაძის ჯოტო, გ. რევაზიშვილის შანგო, მ. სამადალაშვილის აკილო, ზ. სალიას ამირანი, დ. დოიჯაშვილის კვირისტინე, ც. გიგაურის ოქროშა, მ. ტაბატაძის ხორენა, კ. ჭოლაძის პოლიციელი, მ. პავლიაშვილის აპექსი და გამყიდველი ქალები (თ. გოგიძე, თ. კობალაძე, დ. დოიჯაშვილი, მ. ტეხური) , ანუ ყველა გმირი, რომლებსაც თავიანთი ბედი და სათქმელი აქვთ. მსახიობები პროფესიული კეთილსინდისიერებით ასრულებენ თავიანთ როლებს. მათთვის ახლობელი და ნაცნობი სამყარო გამოხატულია შინაგანი გულწრფელობითა და ბუნებრიობით. მართალია, არათანაბარია თითოეულის როლიცა და შესრულების დონეც. ზოგჯერ არ ხდება პიესის ტექსტის სასცენო ენით ინტერპრეტირება, არის ზედმეტი და და არაფრისმთქმელი ილუსტრირებული სცენები, მაგრამ ისინი არ განსაზღვრავენ შეფასების ჩვენეულ კრიტერიუმს.
სპექტაკლში გამოირჩევა შესანიშნავი მუსიკალური გადაწყვეტა (ეკა თევზაძე) და მხატვრობა (ნიკა ჰაინე-შველიძე). ერთიც და მეორეც ქმნის ემოციურ ატმოსფეროს. სცენურ გადაწყვეტას, ანუ გმირთა მოუწყობელ და ფრაგმენტულად დანაწევრებულ ცხოვრებას ზუსტი მელოდიური ინტონაცია აქვს მოძებნილი. იგი მთლიანი რეჟისორული გადაწყვეტის ადეკვატური სახეა, რომელსაც არა მარტო ფუნქციონალური, არამედ დიდი აზრობრივი დატვირთვაც აქვს.
ცხინვალის თეატრის ბედი ფრონტზე წასული ჯარისკაცის ხვედრსა ჰგავს. იბრძვის, მაგრამ არავინ იცის, როდის დაეცემა, რით დამთავრდება მისი ბრძოლა. თუ შემოქმედებითი მაჯისცემა მოდუნდა, მაშინ იგი პ. ბრუკისეული „მკვდარი თეატრების“ კატეგორიაში მოექცევა. ასეთ თეატრებად მოიაზრება ისინი, რომლებიც ფიზიკურად არსებობენ, მაგრამ შემოქმედებითად „მკვდარია“. საქართველოში დღეს ბევრი ასეთი თეატრი გვაქვს. ცხინვალის თეატრს უფლება არ აქვს მოდუნდეს, რადგან მას მებრძოლი ჯარისკაცის ბედი არგუნა ცხოვრებამ. ჩვენც მისი ბედის თანაზიარობისა და მომავლის რწმენით შევხვდით ახალ სპექტაკლს.
ვასილ კიკნაძე