კვაჭიზმის აღზევება

კვაჭიზმის აღზევება
26 ივლისი 2020

რთული იყო  მ. ჯავახიშვილის ვრცელი რომანის ერთიან სცენურ ქარგაში მოქცევა. ასეთ ზღვა მასალასთან შეჭიდება დანაკარგების გარეშე შეუძლებელია. თუმცა მონაპოვარი აშკარად ჭარბობს დანაკარგს.

  რეჟისორული ჩანაფიქრის საფუძველთა საფუძველი კვაჭის სახის გლობალურ გააზრებას ეყრდნობა. ყველაფერი ამ „გმირის“ სრულყოფილად წარდგენას ექვემდებარება. სხვა პერსონაჟთა ქმედება კვაჭის იერსახის გამოქანდაკებას, მისი ავანტიურული ბუნების მონოლითურობის წარმოჩენას ემსახურება. მოქმედ პირთა სიმრავლე, მსახიობთა მიერ საინტერესოდ მიკვლეული ხასიათები, სიტყვა ანტურაჟი რომ არ ვიხმაროთ, კვაჭის პორტრეტის სისხლხორცეული შენაკადებია.

თქმა არ უნდა, კვაჭი საოცნებო როლია მსახიობისთვის. უთუოდ ბედმა გაუღიმა ცოტნე ხუბუტიას, შესაძლებლობა რომ მიეცა აქტიორული ძალების მოსინჯვისა და მით უფრო უნდა უმადლოდეს ფორტუნას, პირველივე მცდელობით წარმატებას რომ მიაღწია. ეს ზოგადად, კონკრეტულად კი ჩვენს თვალწინ დაიბადა ხალასი ნიჭიერებით გამორჩეული პერსპექტიული მსახიობი.

      პირველი, რითაც ცოტნე ხუბუტიამ მიიპყრო ყურადღება, გახლავთ მისი ქარიზმატულობა. იგი უხდება სცენას, სცენურობა კი მსახიობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია; არის ზედმიწევნით პლასტიკური - ყოველი მისი მოძრაობა ორგანულადაა შერწყმული ზუსტად მისადაგებულ რიტმულ მონახაზთან, უბრალო ჟესტიც კი მუსიკალური აკორდის გაგრძელებად აღიქმება. ეს ის პრიორიტეტებია ცოტნე ხუბუტიას აქტიორული არსენალიდან, რამაც მოგვხიბლა.

წარმოდგენაში ყველაფერი კარუსელივით ტრიალებს და ერთიან გროტესკულ ფარსშია განსხეულებული!..

            კვაჭის „სამიჯნურო თავგადასავალთა“ კორიანტელი უფრო შინაგანი ხედვით, მინიშნებებით აქვს მოტანილი რეჟისორს, სადაც პორნოგრაფიული „სურნელება“ არსად ილანდება. კომიკურ-სარკასტულ-ირონიული დამოკიდებულება უკიდურესად აშარჟებს სასიყვარულო ხაზის მოჩვენებებით გახელებას.

ფარსი თავისი არსით დაუნდობლად აშიშვლებს მოვლენებს. გოჩა კაპანაძე უტრირებისთვის, მუქი გროტესკული ფერების სიუხვით დასცინის სამყაროს მოუხელთებელი სადავეების დაუფლებისკენ ლტოლვას, კანონზომიერების ლოგიკიდან ამოგლეჯილ გაშმაგებას. ფარსული ჰიპერბოლა, რითაც გაჯერებულია წარმოდგენა, რეჟისორს ნაჯახის უხეშ მოქნევამდე კი არ დაჰყავს, გამომსახველ საშუალებათა კონტრასტული საღებავების თამამი შეზავებით მსუბუქ ვოდევილურ ხერხებთან, ჰარმონიულობის ბჭეს უახლოვდება. ამ განწყობის მიღწევა ურთულესია - ოდნავი გადაცდომა უგემოვნების ზღვართან მიგვიყვანს, რაც ბალაგანის თეატრის ესთეტიკასთან დაგვაახლოვებს.

      სპექტაკლში ნიღბებს განსაკუთრებული  ფუნქცია მიანიჭა რეჟისორმა. ერთი შეხედვით, თითქოს დარღვეულია ნიღბების გამოყენების ბალანსი, თუმცა, ეს მართლაც ერთი შეხედვით!... ორაზროვნება, წარმოდგენის პულსის იდუმალი ფეთქვა, რეალურ-ირეალური ატმოსფეროს შეგრძნება ესოდენ მეტყველი აქსესუარების გარეშე ძნელად მისაღწევი იქნებოდა.

„კვაჭი“ ცხინვალის თეატრის მრავალმხრივ საყურადღებო მხატვრული მოვლენაა. არ მინდა სიტყვა „ლოზუნგი“ ვიხმარო, იგი უფრო სპექტაკლი - მოწოდებაა ადამიანების გამოსაფხიზლებლად. კვაჭიზმის აღზევება თანამედროვე სამყაროს ყველაზე საშიში სიმპტომია. კვაჭიკოები სარეველა ბალახივით მოედო ქვეყნიერებას. თუ საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით არ აღუდგება წინ ამ სინდრომის გაღვივების ყოველგვარ მცდელობას, მომავალს შავი სუდარა ემუქრება-გვაფრთხილებს სპექტაკლი.

 

ვაჟა ძიგუა