ეს არის ახალგაზრდა ქალის, - მარო მაყაშვილის დღიური, რომლის საშუალებითაც იგი გვიზიარებს საკუთარ ფიქრებს, ემოციებს, აზრებს, გრძნობებს, ოცნებებს... მაგალითად, იმას, თუ როგორ სურდა, ენები შეესწავლა, უცხოეთში წასულიყო, იქ ესწავლა იმისათვის, რომ უკან დაბრუნებულიყო და სამშობლოსათვის რაღაც გაეკეთებინა, - „უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ... ძალიან და ძალიან პარიზში მინდა... ნუთუ რამე შემიშლის ხელს?“ სამშობლოს აღდგენისა და ქართველი ერის კეთილდღეობის იდეით იყო მთლად გამსჭვალული და სწორედ ამ იდეას ემსხვერპლა 19 წლის სტუდენტი მარო მაყაშვილი, რომელიც 1921 წელს, წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. არ დასცალდა მაროს ოცნებების ახდენა. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა. მარო მაყაშვილი არის პირველი ქართველი ქალი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
პრემიერა - 2022 წლის 25 თებერვალი - თეატრის ფეისბუქ გვერდზე, ლაივ სტრიმით.