სპექტაკლის პრემიერა შედგა 2016 წლის 30 დეკემბერს, ბოლნისში.
სპექტაკლი დაიდგა ანდერსენის ცნობილი ზღაპრის „თოვლის დედოფალის“ ევგენი შვარცის ინსცენირების მიხედვით.
მასში მოთხრობილია თუ როგორ დაამარცხა პატარა უსუსურმა გერდამ სასტიკი, დაუნდობელი, ცივი და ბოროტი თოვლის დედოფალი. ერთ პატარა ქალაქში ბებია და შვილიშვილები,- კეი და გერდა ღარიბად ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ სახლში ყოველთვის სითბო, სიკეთე და სიყვარული სუფევდა. მოხდა საშინელება,- ყინულის დედოფალმა მოიტაცა კეთილი და მხიარული კეი, მოაჯადოვა და თავის ყინულოვან სასახლეში წაიყვანა, რათა უსულგულო, ბოროტ, ყინულოვან პრინცად აღეზარდა. გერდამ კეის გადარჩენა გადაწყვიტა და ბოროტი თოვლის დედოფალის საძებნელად წავიდა. ყინულის სასახლეში მოხვედრამდე გერდას უამრავი თავგადასავალი გადახდა თავს. გზად ის შეხვდა ყვავებს, ყორანს, კეთილ პრინცს და პრინცესას, ყაჩაღებს, ირემს. ამ უკანასკნელის დახმარებით გერდამ ყინულის სასახლეს მიაღწია და იხსნა კეი ბოროტი თოვლის დედოფალისგან. კეთილი გულიდან წამოსულმა სითბომ და სიყვარულმა ბოროტი ყინულის დედოფალი დაამარცხა და ნამსხვრევებად აქცია. ამასობაში ახალი წელი დგება, მოდის თოვლის ბაბუა და ყველას ასაჩუქრებს.