ოდა სიყვარულზე ვაჟა ძიგუა - რობაქიძე

ოდა სიყვარულზე ვაჟა ძიგუა - რობაქიძე
30 მაისი 2021

                                          ოდა  სიყვარულზე

       დევნილობაში  მყოფ თეატრებს არ ულხინთ, მაგრამ სულის სიმხნევეს, ჭირთათმენის შინაგან აბჯარს მუდამ ინარჩუნებენ - თეატრის მისია ხომ ბრძოლის არენაზე ყოფნაა, რათა მასთან ერთად მაყურებელსაც არ მისცეს მოდუნების უფლება. ეს ბუნებრივიცაა, სულმნათი რუსთაველისა არ იყოს: ,,ჭირსა შიგან გამაგრება ისრე უნდა, ვით ქვითკირსა“. შიდა ქართლის საუკუნენახევრის ისტორიის მქონე ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელმწიფო დრამატული თეატრი გვამხნევებს შემოქმედებითი მიღწევებით. ისტორიული ბედუკუღმართობის წყალობით საკუთარი მიწაწყლიდან იძულებით გადმოხვეწილ თეატრს ერთ რამეში ბედმა ნამდვილად გაუღიმა - მათი სამხატვრო ხელმძღვანელი, სახელმწიფო, ახმეტელის და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი გოჩა კაპანაძე არა მხოლოდ ჩინებული რეჟისორია, არამედ დასის თითოეული წევრის, ყველა თანამშრომლის პრობლემების გამზიარებელი. გარდა სამსახურებრივი მოვალეობისა, იგი ზნეობრივი კოდექსის მოშველიებითაც ხელმძღვანელობს თეატრის ურთულესი ორგანიზმის მართვას.

         სამხატვრო ხელმძღვანელი გონივრულად წარმართავს თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკას - ძირითადად ყურადღებას ქართულ კლასიკაზე ამახვილებს, სადაც ერისთვის სასიცოცხლო, ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარებს წამოსწევს წინა პლანზე, რაც განსაკუთრებით აფორიაქებს დღევანდელი ქართველი მაყურებლის მსოფლაღქმას. ამ ფაქტორებმა უთუოდ განაპირობა თეატრის ბოლოდროინდელი ნამუშევრების - ,,ჯაყოს“ და ,,კვაჭის“ ფართო რეზონანსი, რომელთა მიმართ ინტერესი დღმდე არ განელებულა. ამ სპექტაკლებში ყურადღებას იქცევს რეჟისორული გააზრების ფართო სპექტრი, პრობლემათა მარადიულობის სიმწვავე და მეტაფორულ მიგნებათა სიუხვე.

         ბოლო პრემიერად თეატრმა წარადგინა ყურბან საიდის ორმოქმედებიანი დრამა ,,ალი და ნინო“, სადაც სიყვარულის მარადიულ თემას დამდგმელმა ჯგუფმა მიუძღვნა ამაღლებული ოდა. რეჟისორი გოჩა კაპანაძე რთულ გზას ირჩევს. იგი, იმავდროულად, ინსცენირების ავტორიცაა. მის ერთგულ თანამოაზრე მანანა გეგეჭკორთან ერთად, რომლის თანადგომა მას დღეს ესოდენ აკლია მანანას უდროო გარდაცვალების გამო. ინსცენირებას, როგორც წესი, მუდამ ახლავს დანაკარგები, თითქმის შეუძლებელია ნაწარმოების ადეკვატური სცენური ვერსიის შექმნა. ეს შესა-ნიშნავად იცის გ. კაპანაძემ, რომელმაც არაერთი ,,შერკინება“ გადაიტანა ცნობილ (ძირითადად ქართველ) ავტორებთან, მაგრამ საბოლოოდ დამარცხებულად არცერთი მხარე არ უღიარებიათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უცხო ქვეყნისა და აღმსარებლო-ბის ავტორთან უწევდა პაექრობა გოჩას და პასუხისმგებლობასაც გაორმაგებულად გრძნობდა. ისიც ფაქტია, რომ დღეს ცენზურის ,,მძვინვარება“ ან ,,ერთა ძმობის“ სადიდებლად მოვალეობის მოხდა, მხოლოდ წარსულის მრისხანე პერიოდის ბუტა-ფორული სამკაულია.

         ყურბან საიდის ნაწარმოებში სამყაროს ცენტრის მამოძრავებელი ორი პოლუსი -ყურანი და ბიბლია კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთურთს; თითოეულს თავისი სიმართლე, ძლევამოსილება, ფესვები იცავს ფარად და ეს შეგონება დეკლა-რირებულად კი არ გვიპატაკებს, ან პროპაგანდისტულ მანტიაში როდია შეფუთული, არამედ ფილოსოფიურ შრეთა ლაბირინთებში გაფილტრული და ადამიანურ გან- ცდათა წმინდათაწმინდა ქურაშია გამოწრთობილი, რაც მწერლის უდავო მონაპოვ-რად მიმაჩნია. სიუჟეტური ქარგა მარტივია, შესაძლოა ზედმეტად პრიმიტიულადაც კი მოგეჩვენოთ - ორი სხვადასხვა სარწმუნოების ქალ - ვაჟს (მუსლიმს და ქრისტიანს) ერთმანეთი უყვართ, სიყვარულის გადასარჩენად მათ უამრავი დაბრკოლების გადა-ლახვა მოუწევთ (ოჯახური ტრადიციების ფუნდამენტური ზღუდეების განეიტრალე-ბის კვალდაკვალ), რაც საბოლოოდ ოპტიმისტური ფინალით დასრულდება.

         გოჩა კაპანაძე სპექტაკლს გლობალურ განზომილებაში წარმოგვიდგენს. სიყვა-რულის  ლაიტმოტივი , რაზედაც აგებულია ამბავი, ფონად აქვს გამოყენებული და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ქსოვს არა მაქმანის აჟურული სიფაქიზით, არამედ ბასრი საჭრეთელის უხეში ჩარევით, დაუნდობელი სისასტიკის დემონსტრი-რებით აქანდაკებს. სიმპტომატურია სპექტაკლის პროლოგი - ოვალურად განლაგებუ-ლი დეკორაციები (მხატვარი კ. მარჯანიშვილისა და  პ. ოცხელის პრემიების ლაურეა-ტი  ლომგულ მურუსიძე), სარკისებური სვეტები და სცენის სიღრმეში მიმობნეული სარკეთა ელვარება, იწვევს არა მარტო ვიზუალურ გაორებას, არამედ აძლიერებს შინაგან მუხტს, ზრდის დინამიკის ექსპრესიულობას. ავანსცენაზე განთავსებულ ნახევარსფეროს უახლოვდება ბედისწერის ორეული ( ანი საბო ), მოქნილი, პლასტიკური და დრამატული სახიერებით გამორჩეული ( ქორეოგრაფი ნინა მახათელი ) პერსონაჟი, რომელიც შმაძრწუნებელი მიმიკით ხლეჩს ნახევარსფეროს, რაც სამყაროს დაბადება - გახლეჩის სიმბოლოდ აღიქმება; შემდეგ ორივე ხელში აღმართული წიგნებით ( ბიბლია და ყურანი ) მიმართავს მაყურებელს: ,,ვინც ერთ სულს მოკლავს, თითქოს მას მოუკლავს მთელი სამყარო...“ (ყურანი); ,,არა იპარო, არა ცილ სწამო, არა კაც კლა...“ (ბიბლია). ეს ორი ხელთუქმნელი ჭეშმარიტება ღირსეულ კამერტონად ჟღერს წარმოდგენაში.

               სპექტაკლი ძალადობის, ერთა შორის დაპირისპირების, ურთიერთსიძულვი-ლის წინააღმდეგაა მიმართული, რაც მთელს კაცობრიობას განგაშის ზარების შემოკ-

ვრას ავალდებულებს: ,,მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთი ღმერთისგან მოვდივართ და ისევ მასთან ვბრუნდებით“ - უკეთესად ვერ იტყვი!... თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს სამშობლო არ გაქვს, სულერთია რომელ ქვეყანაში იცხოვრებ. აკი ნინო მტკიცედ ავლენს თავის პოზიციას: დავრჩეთ აქ, სადაც ევროპა და აზია შეუმჩნევლად ერწყმის ერთმანეთს. ტირანი არ ვარ, მაგრამ ცხოვრება იმ ქვეყანაში მინდა, რომელსაც ვეკუთვნი, სადაც დავიბადე, იქ მინდა მოვკვდე“.

           რეჟისორმა განსჯის მორევში შეგვიყვანა: ,,ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ყოველთვის მაკრატლის ორ პირს შორის იყო მოქცეული. ახლაც იგივე მეორდება“ - ამას ათქმევინებს არჩილ ყიფიანს ყურბან საიდი, რომლის ნაწარმოების მიხედვით შექმნილმა წარმოდგენამ ბევრ რამეზე დააფიქრა მრავლისმომსწრე ქართველი მაყურებელი.

         ალმანახის ფორმატი საშუალებას არ მაძლევს უფრო ვრცლად და ცალკეული დეტალების მოხმობით განვავრცო ანალიზი, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემ, არ შევეხო ცხინვალის თეატრის აქტიორულ შემადგენლობას - ეს გახლავთ არცთუ მრა-ვალრიცხოვანი (ამის ფუფუნება  თეატრს არ გააჩნია), მაგრამ კომპაქტური  და, რაც მთავარია, ინდივიდუალობებით გამორჩეული დასი, სადაც ყველა თაობის მსახიობი ჰარმონიულად თანაარსებობს. ასეთი ბალანსი შექმნა გოჩა კაპანაძემ თეატრში. სადავო არ არის, რომ ამ წარმოდგენაში რეჟისორის ხელწერა დომინირებს და ეს მით უფრო ფასეულია, როდესაც მიღწეულ ანსამბლურობას რეჟისორი მსახიობის მეშვეობით ახორციელებს.

              მხოლოდ ერთ წინადადებაში მოვაქცევ მთავარ გმირთა : ალის (ცოტნე ხუბუ-ტია) და ნინოს ( ნუცა მესტუმრიშვილი) მიღწევას ამ მრავალპლანიან სპექტაკლში - ფიქრმორეული ემოციის, პლასტიკურ-მუსიკალური გრადაციების ერთ ქარგაში მოქცევა მათი წინსვლის საიმედო კონტურებს გამოკვეთს.

               ახლახანს ,,ალი და ნინოს“  გასვლით წარმოდგენას დავესწარი მარნეულში. მაყურებლებით  სავსე დარბაზში ახალი თაობა ჭარბობდა. გამახარა მათმა ზუსტმა რეაქციებმა. დასასრულს კი მოზომილმა ოვაციებმა. ეს სპექტაკლის მინი - პრემიერა იყო!..

                                                                               

                                                                                                        ვაჟა ძიგუა-რობაქიძე