"ბახტრიონი"- ანა ჭავჭავაძე

"ბახტრიონი"- ანა ჭავჭავაძე
23 აგვისტო 2020

„ბახტრიონი“ იმ თვისების სპექტაკლია, რომელიც სწორედ დღეს სჭირდება სამაჩაბლოს მაყურებელს – თავდადებისა და გმირობის, ამასთანავე, შენდობისა და კაცთმოყვარეობის მადიდებელი. სპექტაკლი, რომელიც ერის სიდიადეზეც ესაუბრება მაყურებელს და მის სისუსტესა და სიგლახეზეც.

ამასთანავე, რეჟისორ ლერი პაქსაშვილის დადგმაში მძაფრად გამოიკვეთა თითოეული ჩვენთაგანისთვის ახლობელი გრძნობა – სიკვდილის ტკივილიანი განცდა.

„როდემდის უნდა ვიბანოთ

სისხლით პირი და ხელები?

შვილთა მაგივრად დედებსა

ძუძუს გვიწოვდეს გველები?!“

ქმრისა და შვიდი ვაჟკაცის საფლავზე მოტირალი დედის სახე სიმბოლურია ჩვენი დროისთვის. სპექტაკლში ეს მოტივი ციცო გიგაურის სანათას გმირით არ შემოიფარგლება, არამედ თავისებურ ვარიაციად გადაისახება ლელასა და ანდარეზის (დალი დოიჯაშვილი და ვეფხია კასრაძე – ორივე დებიუტანტები არიან) ლირიულ დუეტში, შემდეგ კი ჯემალ გოჩაშვილის ქადაგში ჰპოვებს გამოძახილს. ამ ერთიან ღერძზეა აგებული სპექტაკლი. ც. გიგაური–სანათას სულისშემძვრელ გოდებას იმედის სხივით კვეთავს შეყვარებული გმირი ქალ–ვაჟის კეკლუცი შაირობა და ცეკვა–თამაში, მაგრამ ამ მხიარულებასაც ავბედითი აჩრდილი დასტრიალებს. კოშკის ქონგურიდან არწივივით მომზირალი ქადაგის ხმა კოსმიური სივრციდან ჩამოისმის თითქოს და კვლავ ავი წინათგრძნობის ბურუსში ახვევს გარემოს. ჯ. გოჩაშვილის ქადაგი მხოლოდ მისანი და ღვთის ნების მაუწყებელი არ არის. იგი ბრძენია, მოაზროვნე, რომელიც ცდილობს თვალი აუხილოს, ხსნის გზა დაანახოს ერს. აქაც და სხვა შემთხვევაშიც უხვადაა გამოყენებული ვაჟას ბრწყინვალე პოეტური ციტატები, რომლებშიც სწორედ მიწიერ მოვლენათა ჭეშმარიტი არსია ამოცნობილი.

ანა ჭავჭავაძე

1990