ეფექტფურად იწყება სპექტაკლი – სანათა (ცისანა გიგაური) ესაუბრება დაღუპულ შვილებს, ძეგლებად რომ აღმართულან სცენაზე მიმოფანტულ კოშკებზე. მსახიობს მოძებნილი აქვს თითოეული მათგანისათვის განკუთვნილი ემოციური საღებავი, დატირებას წარმართავს ღრმა განცდით, მღელვარებით და ოპტიმიზმითაც, რაც ამზადებს ლელასა და ანდარეზის შემოსვლას, მათ სატრფიალო დუეტს.
წარმოდგენა რეჟისორს გადაწყვეტილი აქვს ამაღლებული გმირულ–რომანტიკული თეატრის პრინციპით. პოეტური სიტყვა აკეთილშობილებს გმირთა ქმედებას, უარყოფით პერსონაჟებსაც კი არ უკარგავს კაცურ ღირსებას. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ორატორიას ისმენ გმირულ თემაზე და ყველა ეს კომპონენტი ერთ მიზანს ემსახურება – მაყურებელში გააღვივოს სამშობლოს სიყვარული და მტრებისაგან მისიი დაცვის წყურვილი. ამ საკითხში დიდი თუ პატარა, ჩინიანი თუ უჩინო, მდიდარი თუ ღარიბი ერთად უნდა იყვნენ – ეს აზრი გამჭოლ ხაზად მიჰყვება მთელს სპექტაკლს და მის ყველაზე დიდ მონაპოვრად მიმაჩნია.
ლელასა და ანდარეზის როლის შემსრულებლები დალი დოიჯაშვილი და ვეფხია კასრაძე იოლი ამოცანის წინაშე როდი იდგნენ – მათ უნდა გაეცოცხლებინათ ლეგენდად ქცეული გმირები, მაღალი ზნეობის ახალგაზრდები, რომლებიც შეგნებულად ეწირებიან საერთო საქმეს. მათთვის სამშობლო ცნება კი არ არის, არამედ ისეთი რეალური რამ, რომელიც მოვლას „პატრონობას და დაცვას მოითხოვს და ისინიც მის სამსხვერპლოზე დგებიან. არის საფრთხე, რომ მათი მოქმედების პათეტიკა სიყალბეში გადაიზარდოს, ემოცია მოწყდეს აზრს და ოჩოფეხებზე შედგეს. საბედნიეროდ, ახალგაზრდა მსახიობები, რომლებსაც არც დიდი გამოცდილება და არც მის შედეგად დაგროვილი „შტამპები“ აწუხებთ, სცენაზე ბუნებრივად და უპრეტენზიოდ მოქმედებენ.
ვაჟა ძიგუა
1990