„გუშინწინ, გუშინ, დღეს“...
ლექსით მოთხრობილი ამბავი
ასე განსაზღვრა რეჟისორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ სპექტაკლის ხერხი და ამისათვის აკაკი წერეთლის მაღალი მოქალაქეობრივი მუხტის მქონე პატრიოტული ლოგიკა გამოიყენა. სპექტაკლის გმირთა მონოლოგები, დიალოგები, მასიური სცენები აკაკის ლექსზეა აგაებული.
სამშობლო მიწის უსაზღვრო სიყვარული, მუდმივი ფიქრი მის აწყმოსა და მომავალზე, მუხლჩაუხრელი შრომა მისი სიძლიერისათვის და თავდაუზოგავი ბრძოლა მისი დამოუკიდებილობისათვის, პირადული სურვილებისა და ტკივილის უდრტვინველი დამორჩილება საერო საქმისადმი, რწმენა მისი აუცილებელი გამარჯვებისა - აი ის ძირითადი თემები, რაზეც ესაუბრრება თეატრი მაყურებელს ამ სპექტაკლით.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სატრფიალო, სალონურ ლექსებთნ შედარებით, აკაკის პატრიოტული ლირიკა, სამწუხაროდ, ნაკლებ პოპულარულია, რაც თეატრის ამ ნამუშევარს გარკვეულ შემეცნებით ღირებულებასაც სძენს.
სპექტაკლში თეატრის თითქმის მთელი დასია დაკავებული.
თუ გავითვალისწინებთ გასულ ზაფხულს სამაჩაბლოში განვითარებულ მოვლენებს, რამაც ამ თეატრის თითქმის ყოველ წევრს დააჩნია თავისი ულმობელი ხელი და თუ იმ მშობლიურ კერასა და სახლ-კარს მოწყვეტილ ადამიანებსაც, რომლებიც ამ თეატრის მუდმივი და ძირითადი მაყურებლები არიან, ცხადი გახდება, თუ რაოდენ მძაფრ და ტკივილიან გამოძახილს იძენს სპექტაკლში გაჟღერებული მრავალი სათუთი პატრიოტული ლექსი და განსაკუთრებით ფინალური მონოლოგი: ’’ნუ ეხუმრებით ქართულ მიწა-წყალს და ნუ ადგამთ ბიჯს ზედ წარამარად!’’
მონაწილე მსახიობთა და მაყურებელთა დარბაზის ერთი ტკივილით გამთლიანება განსაზღვრავს ამ სპექტაკლის წარმატებას, რისთვისაც მადლობა მთელ დამდგმელ ჯგუფს -დამდგმელ რეჟისორს ნუგზარ ლორთქიფანიძეს, დამდგმელ მხატვარს ჯეირან ფაჩუაშვილს, ქორეოგრაფს ზვიად აფციაურს, ლოტბარს დავით ელბაქიძეს, მსახიობებს: ლელა მახნიაშვილს, თამარ გოგიძეს, მამუკა პავლიაშვილს, გიორგი რევაზიშვილს, ჯემალ გოჩაშვილს, ციალა გიგაურს, მაკა გელაძეს, გიორგი მთავრიშვილს, ბექა გოდერძიშვილს, ანი ხურციძეს და სხვებს. “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ”, მეგობრებო!
ალუდა ნიქაბაძე