მოყვარეს პირში უძრახე, მტერს _ პირს უკანო, ნათქვამია. სწორედ დღევანდელი სინამდვილის პირუთვნელი მხატვრული აღქმით და მისი არა ერთი პრობლემის არსში გარკვევის მცდელობით განაგრძო თავისი შემოქმედებითი სვლა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ ცხინვალის თეატრში და ვფიქრობ, ამ გზას სამი სპექტაკლის საფუძველზე ტრილოგია ვუწოდო. ესენია: `აზნაურები?!~ კლდიაშვილისა და `ჯაყო~ და `კვაჭი~ მ.ჯავახიშვილის ნაწარმოებების `ჯაყოს ხიზნებისა~ და `კვაჭი კვაჭანტირაძის~ მიხედვით. სამივე სპექტაკლმა ქართული საზოგადოების `ეროვნული თვითმყობადობის~ ღრმა კრიტიკა დაისახა მიზნად და ამისათვის არც აზნაურების, არც თავადებისა და არც გლეხების სოციალური ფენები დაუნდვია. და რადგან ამ სამეულში ილია ჭავჭავაძის არც ერთი ლიტერატურული გმირი არ ფიგურირებს (თუმც შესაძლებელი იყო ასეც მომხდარიყო), გოჩა კაპანაძისეული, ხალხის მიერ აღზევებული კვაჭი საფინალო ეპიზოდებში ხან ილიასა და ხან აკაკის უკვდავ სტროფებს აჟღერებს...
პირველი მესიჯი, რასაც ამ სპექტაკლით უგზავნის რეჟისორი მაყურებელს არის ის, რომ გენიოსები თავიანთი ინტელექტუალური ჰორიზონტით წინ უსწრებენ დროს და მხატვრული ქმნილებებით წინასწარმეტყველებენ მომავალს. კვაჭობა, მოხერხებულობა, „გაიმასქნება“, ქართულ ხასიათში ყოველთვის იჯდა. და ამაში ხალხური ფოლკლორის გმირი ნაცარქექიაც გვარწმუნებს. ქართველი მეომრებიც ამ გმირივით ებრძოდნენ დევს _ რიცხოვნებით ბევრად მეტ მტერს და ხშირად იმარჯვებდნენ კიდეც. მშვიდობიან დროში კი, როდესაც საქართველოს დასაკარგიც დაკარგული ჰქონდა და მომავლის იმედიც არ ჩანდა, თვითგადარჩენისა თუ თვითგამორჩენის ინსტინქტებმა ნიჭიერ ადამიანებში ავანტიურისტული ბუნება გააღვიძეს და მათაც თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი მონაცემები ერთი მიმართულებით მიმართეს _ ეგოიზმი მათი თვითგამოხატვის ერთადერთ საშუალებად იქცა.
`კვაჭი~ აქტუალური სპექტაკლია ჩვენი დღევანდელი საზოგადოების სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ფონზე. აქტუალური იმიტომ, რომ ის ამჯერადაც ამ საზოგადოების ლოგიკური წარმონაქმნია. `მე, მხოლოდ მე, ისევ მე, ჩემი, ჩემთვის, ჩე-მზე!..~ _ კვაჭის ეს დევიზი ქართული საზოგადოების გათითოკაცების, ინდივიდუალიზმისა და ეგოიზმის პირდაპირი, პლაკატური განაცხადია.
არ შეიძლება არ გავიხსენოთ ამ წარმოდგენის ულამაზესი ეპიზოდები _.კვაჭისა და მისი მეგობრების პირველი გამოჩენა სცენაზე. ერთმანეთზე მიწყობილი ბიჭების ხორუმი. ამ ცეკვებში (ქორეოგრაფი ნინა მახათელი) ჩადებულია კვაჭის ინტრიგების წარმატების გასაღები _ ეს ის ლამაზი, წარმოსადეგი, ახალგაზრდული სიკისკასით სავსე ბიჭები არიან კვაჭის მეთაურობით, რომლებსაც ერთი მიზანი აქვთ ცხოვრებაში _ კარგი დროსტარება, ღვინო, ქალები და რაც შეიძლება ბევრი ფულის შოვნა. ისინი ხარობენ ამ ცხოვრებით და სანამ ერთად არიან, ვერავინ დაამარცხებთ. ესენი არიან გოგიტა კოხრეიძის, რამაზ ხომასურიძის, რეზი გიორგობიანის, ცოტნე მეტონიძის, ლევან საბაშვილის, თემურ ძოწენიძის სცენური გმირები.
`კვაჭი~ ორმოქმედებიანი სპექტაკლია, რომელიც თითქმის სამ საათს გრძელდება. იგი ერთმანეთთან შინაარსობლივად და კონცეპტუალურად დაკავშირებული ეპიზოდებისგან შედგება, რომელიც რეჟისორმა ერთ ხერხემალზე ააგო და ერთი პიროვნების ჩამოყალიბებისა და მისი გარემოს რეალური აღწერით მივიდა ლოგიკურ დასკვნამდე, რომ კვაჭი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც თავისი ავანტიურისტული ცხოვრების მანძილზე ჩვენს თვალწინ მაღლდება საზოგადოებრივი იერარქიის საფეხურებზე.
`ითამაშე არა კვაჭი, არამედ მოვლენა. ის არ არის ერთი ადამიანი. ის იმ საზოგადოების გამოხატულებაა, რომელმაც დაბადა და კი არ გაზარდა, გაწვრთნა და თავისი უმსგავსი მორალი შთაუნერგა~ _ რეჟისორის ეს მითითება მსახიობ ცოტნე ხუბუტიას მიერ მხატვრულად არის გამყარებული მრავალი ეპიზოდით.
კვაჭიზმი ის მოვლენაა, რომელსაც საზოგადოება ვერასდროს ამარცხებდა. მას ბევრი ნიღაბი ჰქონდა ხალხის გასაცურებლად, ნაპოლეონიდან დაწყებული და ყველა ქვეყნის ცნობილი ავანტიურისტებით დამთავრებული. დღევანდელი გადასახედიდან კი კვაჭები ხელისუფლებიაშიც მოკალათდნენ და რაც უფრო ინტელექტუალები არიან, მით მეტი გასაქანი ეძლევათ საზოგადოებრივ ასპარეზზე. აღარ სჭირდება ცოტნე ხუბუტიას გმირს ანგელოზის ფრთები. წმინდანის ერთი ლექსიც (`ტყემ მოისხა ფოთოლი...~) ყოფნის, რომ საკუთარ წმინდანობაში დააჯეროს ბრბო ისე, რომ ანგელოზი დაადუმოს და თავად ამეტყველდეს... ბრბო და არა საზოგადოება!
სპექტაკლმა მხატვრული სისავსით წარმოგვიდგინა კვაჭისა და მისი წარმომშობი გარემოს რეალური სახე და მიზნები. ეს გმირი სამყაროს ჩარხად და ღერძად მოიხსენია, მაგრამ ქვეყანას, სადაც კვაჭი იქნება სამყაროს ღერძი, წონასწორობა არ უწერია.
ნინო მაჭავარიანი