მე, ბებია, ილიკო, ილარიონი და კიდევ სხვები
დევნილობაში მყოფმა ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა გასულ კვირას პრემიერა წარმოადგინა. რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ერთდროულად რამდენიმე მოთხრობის სცენური ინტერპრეტაცია სახელწოდებით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ შესთავაზა. ცხინვალის თეატრი უკვე რამდენიმე წელია აწ უკვე ნიკოლოზ რაჭველის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრშია განთავსებული. შესაბამისად, სარეპეტიციო დრო სპექტაკლების წარმოსადგენად ცხონვალის თეატრს შეზღუდული აქვს. მიუხედავად ხელისშემშლელი ფაქტორებისა თეატრი ახერხებს წელიწადში რამდენიმე ახალი სპექტაკლი შესთავაზოს მაყურებელს.
ამჟერად, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ ქართულ სცენას ნოდარ დუმბაძის თეატრალური სამყარო დაუბრუნა. მასთან ერთად მხატვარმა ქეთი ციციშვილმა და ქორეოგრაფმა ნინა მახათელმა იმუშავეს. მართალია, სპექტაკლის დასახელება „მე, ბებია, ილიკო და ილარიონია“, მაგრამ წარმოდგენაში ვხვდებით ეპიზოდებს დუმბაძისავე მოთხრობებიდან: „მე ვხედავ მზეს“ და „ბოშები“. ეს გოჩა კაპანაძის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ხერხია. სპექტაკლში ცხინვალის თეატრის თითქმის მთელი დასი მონაწილეობდა, რომელიც არტისტების სამივე წარმოადგენდა. სპექტაკლმა თანამედროვე ქართული თეატრის შემოქმედებითი პრობლემები ნათლად წარმოაჩინა, მათ შორის, ახალგაზრდა თაობის მსახიობთა დაბალი მეტყველების დონე და უფროსი თაობის მსახიობთა ბრძოლა დაგროვილი შტამპებისგან გასათავისუფლებლად. გოჩა კაპანაძე, ყოფილი მსახიობია, რომელიც ყოველთვის საინტერესოდ მუშაობს მსახიობთან და ეხმარება მას ახალი ტიპაჟის, მხატვრული სახის ხასიათის ზუსტად მიგნებაში. საინტერესო ტიპაჟები შექმნეს მსახიობებმა რამაზ ხომასურიძემ (ზურიკელა), სამაგიეროდ მის მიერ წარმოთქმული ტექსტი ხშირად პარტერში არ ისმოდა, ლელა მახნიშვილმა (ოლღა ბებია), რომელსაც ზედმეტად კარგი მეტყველება ჰქონდა ოლღა ბებიას როლისათვის, სახასიათო მხატვრული სახეები შექმნეს მამუკა პავლიაშვილმა (ილიკო), ვაჟა ციცოლიშვილმა (ილარიონი), დალი დოიჯაშვილმა (ჯოკონდა), რომელმაც ზუსტად ჩაავლო პერსონაჟის ხასიათს, მაგრამ დაბალი ხმის ტემბრის გამო მსახიობის ნამუშევარი ანსამბლში დაიკარგა. დასანაია, რომ ზოგიერთი მსახიობის თამაშის მანერაში ყალბი და დრომორჭმული პათეტიურობა შეინიშნება. ეს განსაკუთრებით უფროსი თაობის მსახიობებს ეხებათ, რაც ლოგიკურიც კი არის მათი მხრიდან და არავის გაკვირვებია.
გოჩა კაპანაძის სპექტაკლი სიკეთეს, პატიოსნებას, მიმტევებლობას და ერთგულებას სამშობლოს და ახლობელი ადამიანების მიმართ ქადაგებს. მართალია, ოლღა ბებიასა და ზურიკელას სიუჟეტის ხაზს სხვა ამავე ავტორის მოთხრობების ეპიზოდებიც მიყვება, მაგრამ ის არ არღვევს წარმოდგენის საერთო მიზანს და იდეას-კეთილშობილებას. ამ სპექტაკლში უარყოფითი პერსონაჟი არ არსებობს, კონფლიქტი აქ ცალკეულ პერსონაჟებს შორის კი არა, არამედ ზოგად საკაცობრიო საკითხებთან და პოლიტიკურ მოვლენებთან არის წარმოდგენილი. ერთ მხარეს სოციუმი დგას, მეორე მხარეს კი ომი, როგორც ნეგატიური მოვლენა.
ლაშა ჩხარტიშვილი
19 ოქტომბერი 2012 წელი