ღალატის გარდაუვალობა - ანა ჭავჭავაძე

ღალატის გარდაუვალობა - ანა ჭავჭავაძე
23 აგვისტო 2020

ღალატის გარდაუვალობა

„სამყარო, სადაც ფუნქციები დაკარგული და აღრეულია, განწირულია ღალატისთვის.

ცხინვალელებმა ყველაზე უკეთ იციან ამ ფენომენის არსი და შედეგი, ვინაიდან მათი მხარე, საქართველოს ეს ულამაზესი და ბარაქიანი კუთხე, ათეული წლების მანძილზე სწორედ მოღალატურად გაცემული მძევალი იყო. ამიტომაც, ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ თბილისში გამოდევნილმა თეატრმა პირველ პრემიერად სწორედ ა. სუმბათაშვილი–იუჟინის „ღალატი“ წარმოადგინა.

დღევანდელი სიტუაციაც და მით უფრო შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობა, ნებსით თუ უნებლიეთ, განგაწყობს ისტორიულ–პატრიოტული თემის მეტ–ნაკლებად პათეტიკური გადაწყვეტისკენ. რა გასაკვირია, რომ ამ ცდუნებას ვერ გაექცეს ცხინვალის თეატრი, რომელმაც თავის თავზე გამოცადა ჩვენი დროის ეს ტრაგედია და მისი მსხვერპლიც აღმოჩნდა, როდესაც თვით დედაქალაქის თეატრებში ანალიზისა და გონივრულ განსჯას ემოციური აღტყინება ჯაბნის. და ეს, ალბათ, ბუნებრივია. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ ცხინვალელებმა სხვა გზა აირჩიეს. მათი „ღალატი“ ინტელექტუალური დრამის პრინციპებს უფრო იზიარებს, ვიდრე ჰეროიკულ–პატრიოტული ჟანრის თავისებურებებს, უფრო მიელტვის ისტორიული სიტუაციის არაერთმნიშვნელოვან შეფასებებს და არ ჯერდება მექანიკურ პარალელებს თანამედროვეობასთან. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ეს ამოცანა სრულად დასძლია თეატრმა და ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი გაბილიამ, მაგრამ თვით მცდელობა, საკმაოდ ნათლად გამოხატული ტენდენცია – აშკარაა.

სპექტაკლი იწყება ეპიკური თეატრის კლასიკური და თანამედროვე თეატრალურ აზროვნებაში ასგზის გათამაშებული (შეიძლება ითქვას, კლიშედ ქცეული) ხერხით – თეატრი თეატრში. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს აპრობირებული ილეთი ძალზე კონკრეტული და, ამავე დროს, უაღრესად ზოგადი შინაარსითაა სავსე:

მსახიობები უბრუნდებიან დარბეულ თეატრს.

ადამიანები უბრუნდებიან გადამწვარ სახლებს.

ხალხი უბრუნდება წართმეულ სამშობლოს.

ფრთხილად იკვლევენ გზას დამტვრეულ დეკორაციებსა და ნაგვის გროვად ქცეულ თეატრალურ ინვენტარში. გადამწვარი სცენის ჩონჩხი უძლურია დაფაროს სიშიშვლე. განძარცვული ადამიანები და განძარცვული სამყარო, რომელშიც შეწყდა სიცოცხლე, ნაცარტუტად იქცა ყველაფერი – ამგვარია მხატვარ შოთა გლურჯიძის მიერ შექმნილი დეკორაციის სიმბოლიკა, რომლის ფონზეც ირონიულად ჟღერს ამაღლებული მუსიკის ჰანგები (მუსიკალური გაფორმება ნ. ჯანჯღავასი).

... მსახიობები შემოდიან საკუთარ თეატრში როგორც უცხო სახლში: თითქოს არაფერი აღარ აგონებთ ჩვეულ კედლებს – არც დამწვარი ფიცარნაგი, არც გახეული ფარდა, არც რკინის ჩაშავებული კონსტრუქციები. მხოლოდ აქა–იქ გაფანტული გარდერობისა და რეკვიზიტის ნაგლეჯებში გამოკრთის ნაცნობი დეტალები. აი, ჩიხტიკოპი, შავი მოსასხამი, იქ კი ოქრომკედით ნაქარგი კაბის ნაწილი შემორჩენილა. ნელ–ნელა, ფაქიზად არჩევენ თავიანთ ძველ კოსტუმებს, უნებლიეთ, გაუცნობიერებლად, ინსტინქტურად მოირგებენ მამაკაცების თეთრ გახამებულ პერანგებზე დამტვერილ, ცეცხლს გადარჩენილ ჩოხებსა და მოსასხამებს ქალები კი უკვე კეკლუცობენ კიდეც თავიანთი ეგზოტიკური აქა–იქ შელახული კაბებით. უეცრად ერთ–ერთი მსახიობი თავისი კოსტუმის ჯიბეში პიესის გაცრეცილ ფურცლებს აღმოაჩენს, გადაშლის – „ღალატი!“ ძველი რვეული ხელიდან ხელში გადადის, გახევებულ სახეებს ღიმილი გადაურბენს, ღიმილი და მოგონებები.

არავინ იცის და არც თვითონ იციან საიდან, რატომ ან როგორ იბადება ამ დარბეულ ფიცარნაგზე თამაშის სურვილი. ალბათ, როგორც გლოვისას – მოთქმა, ტკივილივით უსასრულო გოდება. ან როგორც ლხინში – სიცოცხლესთან თანაზიარობის საზეიმო ცეკვა–სიმღერა ორივე რიტუალი ხომ ძირის–ძირია სახიობის, მისი ფუძესახილველი.

აი ასე, სტიქიურად აღმოცენდება, აღორძინდება ძველი სპექტაკლი დარბეულ სცენაზე. უკვე თითქმის დავიწყებული დადგმა ა. სუმბათაშვილის „ღალატისა“, თავისი ჰეროიკული პოზებით, მონუმენტური ჟესტებით, მაღალფარდოვანი ინტონაციებით, რომელთა ტონალობას ოდნავ ამიწებს მსახიობის წუთიერი გადართვა დავიწყებული ტექსტის გახსენებაზე. ფიცარნაგზე დგას ზეინაბი – ციცო გიგაური, ამაყი იერით, აწ უკვე მოძველებული თეატრალიზებით, ზეაწეულად მიმართავს სოლეიმან–ხანს – მევლუდ სამადაშვილს, – და გაყვითლებულ ეტრატს მიაწოდებს. ეს–ესაა ოთარ–ბეგად გარდასახული მსახიობი – ზაზა კოლელიშვილი, პიესის ტექსტს გადაუგდებს სოლეიმან–ხანს და ისიც სწრაფად ეძებს თავის სიტყვებს რვეულის გაცრეცილ ფურცლებზე.

 

ანა ჭავჭავაძე

1991